თანამედროვე მსოფლიოში დღითიდღე იზრდება მონაცემების, განსაკუთრებით კი ღია მონაცემების მნიშვნელობა ხელისუფლების საქმიანობის ეფექტური მონიტორინგისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენისა და პრევენციის თვალსაზრისით. ღია მონაცემების გამოყენებით შესაძლებელია ისეთი გადაცდომების აღმოჩენა, როგორიცაა: საჯარო ფინანსების გაფლანგვა და უკანონო განკარგვა, კორუფციული გარიგებები, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, დარღვევები საჯარო შესყიდვებში, ნეპოტიზმი, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა და ა.შ. ახალმა ტექნოლოგიებმა და სხვადასხვა ტიპის ციფრულმა პლატფორმებმა ჟურნალისტებს, აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და მკვლევარებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, შეისწავლონ საჯარო დაწესებულებების საქმიანობა და საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, მოითხოვონ შესაბამისი რეაგირება, რაც ხელს უწყობს უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიური და ფაქტებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას.

ბოლო წლებში საქართველოში მრავალი სამთავრობო პორტალი და ვებგვერდი შეიქმნა, რომელზეც გარკეეული სიხშირით იდება ინფორმაცია საჯარო პოლიტიკის საკითხებზე. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ოფიციალურ მონაცემებსა თუ ვებგვერდებზე დაყრდნობით შექმნეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ცალკეული საჯარო დაწესებულებებისა თუ მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობის მონიტორინგის ეფექტურ საშუალებას იძლევა. წინამდებარე სახელმძღვანელოში განვიხილავთ რამდენიმე მათგანს და შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ რას უნდა დააკვირდეთ ამ ვებგვერდებზე ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმებისას. გზამკვლევი იწყება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების შესახებ საჭირო ინფორმაციით. ამას მოსდევს საჯარო ფინანსების განკარგვის მონიტორინგისთვის სასარგებლო სხვა ელექტრონული რესურსებისა და მექანიზმების მიმოხილვა. ამავდროულად, სახელმძღვანელოში განხილულია სხვადასხვა საჯარო დაწესებულების პლატფორმები და ვებგვერდები, სადაც გამოქვეყნებულია მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზები და რეესტრები, რომელთა გამოყენება დაგეხმარებათ სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგისას.

სახელმძღვანელო მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და სახელმძღვანელოში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სახელმძღვანელო „საქართველოში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ“ შემუშავდა ევროპის საბჭოს რეგიონული პროექტის („ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“) ფარგლებში.

 

სახელმძღვანელო შედგება ოთხი თავისგან და მოიცავს საჯარო სამსახურსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან დაკავშირებულ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს როგორიცაა: ეთიკის ნორმების დაცვა და ანგარიშვალდებულება, კორუფციის რისკები, გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თემატიკის განმარტების მიზნით სახელმძღვანელოში მრავლად არის გამოყენებული ქართული პრაქტიკული მაგალითები. ამავდროულად, დაინტერესებული მკითხველისთვის თითოეული ქვეთავის განხილვისას მოცემულია მარეგულირებელი და სარეკომენდაციო საერთაშორისო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რაც თითოეულ საკითხთან დაკავშირებით იძლევა დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

 

სახელმძღვანელო იქნება საჯარო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირებისათვის მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალება. სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, და მისცემს მათ სპეციალურ ცოდნას ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

 

სახელმძღვანელოს შემუშავების საერთო კოორდინაცია უზრუნველყო ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ორგანოების კონგრესის სამდივნოს ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტმა.

 

სახელმძღვანელოს შესაქმნელად, კვლევითი სამუშაო განახორციელა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI).