13 ოქტომბერი 2020 / სიახლეები უკან დაბრუნება

IDFI-მ კორუფციასთან მებრძოლთა პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი განაახლა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში განაახლეს მხარეთა შორის მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები.

 

ახალი მემორანდუმის ფარგლებში, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო მოდულები გარდაიქმნა ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიურ კურსებად, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ როგორც დასახელებული ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების სტუდენტებს, ასევე, კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სასწავლო კრედიტები (ECTS) და სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად მიიღებენ სერტიფიკატებს.

 

მემორანდუმის ფარგლებში სულ შემუშავდება 4 აკადემიური კურსი. კერძოდ, საბაკალავრო საფეხურზე შეთავაზებული იქნება ,,კარგი მმართველობა და კორუფცია’’ და ,,პოლიტიკა და კორუფცია’’, ხოლო სამაგისტრო საფეხურზე - ,,ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“ და ,,კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები’’. კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო პროგრამის პირველი წლისგან განსხვავებით აკადემიური კურსების გავლის შესაძლებლობა ექნება მთლიანობაში დაახლოებით 100-მდე მონაწილეს.

 

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, კურსების დისტანციურ რეჟიმში წარმართვის შესაძლებლობას.

 

კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

წინამდებარე ვებ-გვერდი განახლდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და არ გამოხატავს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.