Logo
Hot Line

ცხელი ხაზი

032 2 92 15 14

სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

18 მარტი 2021

17 მარტს ჩატარდა პირველი ლექცია საგანში „კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები“, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია. სალექციო კურსს გაუძღვება ლევან სამადაშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა როგორც სახელმწიფო, ასევე, საგანმანათლებლო სექტორში; იყო სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" თავმჯდომარე და “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) ვიცე-რექტორი. ამჟამად, ლევანი არის USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) გუნდის ხელმძღვანელი (USAID, Good Governance Initiative, Chief of Party).

 

ლექციის დასაწყისში, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, მიმართა სალექციო კურსის მონაწილეებს. გიორგიმ ერთი მხრივ, ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელობას კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ, მოკლედ განიხილა სალექციო კურსის თემატიკა. აღნიშნული საგნის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეებს და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეეძლებათ ისწავლონ ისეთი საკითხები როგორიცაა - კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პლატფორმები, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, ბენეფიციარ მესაკუთრეთა გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული პოლიტიკა მოპოვებითი მრეწველობის სფეროში, პოლიტიკური კორუფცია, ლობიზმი და ამომრჩევლის მოსყიდვა.

 

უკვე მესამე წელია, რაც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც წარმატებული სტარტის შემდეგ ტრანსფორმირდა, და პირველ წელს არსებული 8 პროფესიული მოდულის ნაცვლად, ჩამოყალიბდა ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ოთხ აკადემიურ კურსად. აღსანიშნავია, რომ მაგისტრატურის სტუდენტებმა 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრში გაიარეს საგანი „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტი - თინათინ ხიდაშელი - კითხულობდა.

 

კორუფციასთან ბრძოლის საგანმანათლებლო პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი, რომელიც ხელს უწყობს კორუფციასთან საბრძოლველად მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარებას

ფოტო გალერეა