Logo
Hot Line

ცხელი ხაზი

032 2 92 15 14

სიახლეები

IDFI-ის ტრენინგი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისთვის

IDFI-ის ტრენინგი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისთვის

15 ნოემბერი 2021

2021 წლის 14 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონიტორინგის, მონაცემების მოძიების მეთოდებისა და  მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისთვის ტრენინგი გამართა.

 

ბოლო პერიოდში კორუფციული ჯაჭვის აღმოჩენის, ასევე ელიტური კორუფციის პრევენციაში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. საკითხის აქტუალობა თავად ჟურნალისტებისა და აქტივისტების მხრიდან გამოჩენილი ინტერესის დამსახურებით გაიზარდა. პროექტი - კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება” - რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ტრენინგი განხორციელდა, სწორედ ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების შესაძლებლობების გაზრდას და მათი ზედამხედველობითი უნარების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. რაც შეეხება სასერტიფიკატო კურსს, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო. პროგრამის მიზანს ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება და კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენს.

 

ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ბენეფიციარ მესაკუთრეთა გამჭვირვალობის კონტექსტში აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, ასევე, მონაცემთა/გამომძიებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფებისთვის განკუთვნილ საერთაშორისო პლატფორმებს გაცნობოდნენ. გარდა ამისა, ტრენიგი მოიცავდა პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს - როგორ აღმოაჩინონ და გადაამოწმონ საეჭვო გარემოებები სახელმწიფო შესყიდვებში, გააკონტროლონ ბიუჯეტის მიზნობრივი განკარგვა, მოიპოვონ საჯარო მონაცემები ხელისუფლების საქმიანობის შესახებ და ა.შ.

 

ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის / ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი და IDFI-ის ანალიტიკოსები - მარიამ გოგიაშვილი და გვანცა ნიკურაძე.

 

ტრენინგი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ფოტო გალერეა