IDFI-მ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის ტრენინგი გამართა
2021 წლის 19 დეკემბერს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მოწვევით კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის, ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით: „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა კერძო სექტორში“. ტრენინგი ჩაატარა საქართველოს ბანკის მთავარი შესაბამისობის ოფიცერმა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და შესაბამისობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ გოდერძიშვილმა.
შეხვედრის მიზანი იყო კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით კერძო სექტორის როლისა და მნიშვნელობის გაცნობა. ამავდროულად, ტრენერმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია კერძო იურიდიულ პირში რისკის მართვისა და განსახორციელებელი ქმედებების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკისა და მაგალითების შესახებ.
ტრენინგის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა განიხილეს კორუფციასთან ბრძოლის მიზეზები, შესაბამისობის ფუნქციის როლი კორუფციასთან ბრძოლაში, შესაბამისობის რისკის მართვის საუკეთესო პრაქტიკა; განსაზღვრეს კორუფციის რისკის კავშირი კორპორაციულ მართვასთან, კეთილსინდისიერების პრინციპსა და ეთიკურ ნორმებთან.
ამავდროულად, ტრენინგის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო კერძო სექტორისთვის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, არსებული საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა.
კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2019 წლიდან დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში.