02 თებერვალი 2022 / სიახლეები უკან დაბრუნება

მარიამ სალუქვაძე - კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილე

მოლდოვის სასწავლო ვიზიტის მონაწილე, მარიამ სალუქვაძე, მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიციაზე. მის ძირითად მოვალეობებში შედის სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგი, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე, საპროცესო დოკუმენტებზე და რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა. გარდა აღნიშნულისა, მარიამ სალუქვაძე წარმოადგენს სამმართველოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ქვეჯგუფს კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. პროფესიული მოღვაწეობის სხვადასხვა წლებში იგი ეწეოდა პრაქტიკულ იურიდიულ საქმიანობას გარემოს დაცვის მიმართულებით მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტში, საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით სხვადასხვა იურიდიულ ფირმებში, ასევე გადიოდა პრაქტიკას საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მარიამი არის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. მარიამმა წარმატებულად დაამთავრა რიგის სამართლის სკოლის ინტენსიური პროგრამა ევროპის სამართალის და ეკონომიკის მიმართულებით. საკუთარი პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებისთვის მას არა ერთ კონფერენციაში, ტრენინგსა და საზაფხულო სკოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული ადამიანის უფლებების და სისხლის სამართლის მიმართულებით. მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით და გავლილი პროფესიული ადაპტაციის პროგრამა. დღეისათვის მარიამი არის კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილე.

მარიამ სალუქვაძე: „კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში გავეცანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროებებს, ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვას და კორუფციის პრევენციის საკითხებს. ჩემთვის წარმოუდგენელია სახელმწიფოს განვითარება, სადაც მძლავრია კორუფცია და საჯარო მოხელის მიმართ საზოგადოებას არ გააჩნია ნდობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროფესიული პროგრამების გავლა, რომლებიც მიზნად ისახავს ანტიკორუფციული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. აღნიშნული პროგრამა ანტიკორუფციული განათლების საუკეთესო პროექტია, რადგან გარდა პერიოდული ტრენინგებისა და სემინარებისა, ის ხელს უწყობს  უცხო ქვეყნებთან ეფექტურ თანამშრომლობას, ცოდნის, პრაქტიკის და  გამოცდილებების გაზიარებას ანტიკორუფციული საქმიანობის ხელშეწყობისთვის. დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციას ვუწევ, რომ აუცილებლად ჩაერთონ აღნიშნულ კურსში.“

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამას ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის დაფინანსებით.

წინამდებარე ვებ-გვერდი განახლდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და არ გამოხატავს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.