ლია აბლოთია
ეკატერინე დემეტრაშვილი
კობა აბლოთია
მხილების ინსტიტუტი საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება. 2015 წელს კი მხილების ინსტიტუტთან და მამხილებლის დაცვასთან დაკავშირებით რეფორმა განხორციელდა, შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ანონიმური მხილების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს კანონი მამხილებლის ინსტიტუტის შესახებ, ის არაეფექტიანია სხვადასხვა ფაქტორის გამო. წინამდებარე სტატიის შექმნის პროცესში ჩატარდა კვლევები საქართველოს საჯარო დაწესებულებების დონეზე, შესწავლილ იქნა საზღვარგარეთის ცალკეული ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა და უცხოური გახმაურებული საქმეები და ნაკლებად ცნობილი საქმეები მამხილებელთა შესახებ. სტატიის ბოლოს კი წარმოდგენილია ავტორთა დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია საქართველოში მამხილებლის ინსტიტუტის ეფექტიანობის ასამაღლებლად კორუფციასთან ბრძოლაში.
ჩატარებული თეორიული თუ პრაქტიკული კვლევის შედეგად, სტატიის ავტორებმა თავი მოუყარეს მამხილებლის ინსტიტუტის განვითარების სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მაგალითებს. ამ მაგალითების გამოკვლევის და საქართველოსთან შედარების შედეგად, სტატიის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საქართველოში:
1) მამხილებელთა შესახებ კანონმდებლობა უნდა ვრცელდებოდეს როგორც საჯარო, ისე კერძო და არაკომერციულ სექტორზე;
2) აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება მამხილებელთა ინსტიტუტის შესახებ ფართომასშტაბიანი კამპანიების, ტრენინგების თუ მასმედიის დახმარებით;
3) მამხილებლის ინსტიტუტის ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია კანონით გაწერილი ფინანსური წახალისება (საჭიროა კანონში ზუსტად იყოს გაწერილი ჯარიმიდან პროცენტის ის რაოდენობა, რასაც მამხილებელი მხილების შემთხვევაში მიიღებს);
4) მამხილებლებისთვის შეთავაზებული უნდა იყოს ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა გზები და საშუალებები;
5) უნდა მოწესრიგდეს შიდაორგანიზაციული არხები და მამხილებელი გარკვეულ შემთხვევებში უნდა იყოს უფლებამოსილი „გამოტოვოს“ შიდა მხილების არხები და პირდაპირ მიაწოდოს ინფორმაცია გარე ან საჯარო არხებს.
6) კანონის ჩანაწერი უნდა იყოს ქმედითი და მხილების ფაქტის გაგებას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება;
7) უმნიშვნელოვანესია, მამხილებლის დაცვის მექანიზმების დეტალურად გაწერა კანონში და ამ მექანიზმების ქმედითობის უზრუნველყოფა. მაგალითად, ფრანგული მოდელის მსგავსად მამხილებლის კონფიდენციალურობის დარღვევას უნდა მოჰყვეს სოლიდური თანხით დაჯარიმება ან თავისუფლების აღკვეთა.
გთხოვთ, იხილოთ სრული სტატია აქ.
დანართი 1 - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წერილი
დანართი 2 - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი
დანართი 3 - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წერილი
დანართი 4 - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი