ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ

9-11 მარტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა (MSDC) რეგიონალური ორგანიზაციებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგები ჩატარდა პროექტის - „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის - მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“- ფარგლებში. 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა რეგიონალურმა ორგანიზაციებმა: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA), ასოციაცია „დეა“, დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM), მეგობრობის ხიდი ქართლოსი, მწვანე კავკასია, რეგიონის განვითარების ცენტრი (RDC), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი - ბათუმი (CSI), საუნჯე, სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი. 

ტრენინგი მიზნად ისახავდა პარტნიორი რეგიონალური ორგანიზაციებისთვის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობას. მომავალში მათ ამ მეთოდოლოგიით მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება უნდა შეაფასონ. ტრენინგი გახსნეს CTC-ის დირექტორმა, ირინა ხანტაძემ და ვაკო ნაცვლიშვილმა, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამის კოორდინატორმა. მათ მონაწილეებს გააცნეს პროექტის არსი და პარტნიორი ორგანიზაციების როლი მის წარმატებით განხორციელებაში. ტრენინგს IDFI-დან უძღვებოდნენ თეონა ტურაშვილი და გოგა თუშურაშვილი, CTC-დან - თამარ ნასყიდაშვილი და MSDC-დან -კოკა კიღურაძე.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მეთოდოლოგიის შესახებ და გადაეცათ შემფასებელთა სახელმძღვანელო. მეთოდოლოგია სამი ნაწილისგან შედგება: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელ-მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციის ხარისხის შეფასების ინდიკატორებსა და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების საშუალებებს. 

3 დღის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს, როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. ტრენინგების დასასრულს ჩატარდა ტესტირება. ასევე, დაიგეგმა პროექტის შემდგომი აქტივობების კალენდარი. 

პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდასა და კორუფციის რისკების შემცირებას თვითმმართველი ორგანოების მიერ გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესების გზით. პროექტის კონკრეტული მიზანია მუნიციპალიტეტის გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების სტანდარტის კონსოლიდირება და მის საფუძველზე ერთიანი ეროვნული შეფასების დანერგვა.

16 მარ 2017