მეთოდოლოგია

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან, რომელიც შეფასების 100 კრიტერიუმს აერთიანებს.

ბლოკი 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება - მოიცავს 11 ქვებლოკსა და 52 კრიტერიუმს.

ბლოკი 2. ელექტრონული მმართველობა - მოიცავს 4 ქვებლოკსა და 29 კრიტერიუმს.

ბლოკი 3. მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება - მოიცავს 2 ქვებლოკსა და 19 კრიტერიუმს.

მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება (ბლოკი 1) და ელექტრონული მმართველობა (ბლოკი 2), ძირითადად, მათი ოფიციალური ვებგვერდების მონიტორინგის საფუძველზე ფასდება. ხოლო მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების (ბლოკი 3) შეფასება ხდება მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ანალიზის გზით და მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის ადგილზე დაკვირვებით. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალური ორგანო არ გასცემს ამა თუ იმ კრიტერიუმის შეფასების მიზნით მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას, მოცემულ კრიტერიუმში მას ავტომატურად ეწერება შეფასების მინიმალური ქულა.

გარდა ამისა, ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების მიზნით გამოიყენება შემდეგი დამატებითი საშუალებები:

  • მუნიციპალურ ორგანოსთან სატელეფონო კომუნიკაცია;
  • „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული დოკუმენტების შესწავლა;
  • სხვა ოფიციალური (ონლაინ) წყაროების გამოყენება, რომლებიც კონკრეტული კრიტერიუმის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტის როგორც აღმასრულებელი, ისე წარმომადგენლობითი ორგანო.

2017 წელს, მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება განხორციელდა 15 მაისიდან 15 ივლისის პერიოდში. შეფასდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებისა. შემფასებლის სტატუსით პროცესში მონაწილეობა მიიღო 10 რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21-მა წარმომადგენელმა.

შეფასება განხორციელდა ონლაინ პლატფორმის - WWW.LSGINDEX.ORG - გამოყენებით. 

პირველადი შეფასებების შემდეგ, მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გაცნობოდნენ საკუთარი შეფასების შედეგებს და დაეფიქსირებინათ შენიშვნები. პროექტის გუნდმა ყველა დასაბუთებული შენიშვნა გაითვალისწინა შეფასების საბოლოო ანგარიშში. 

იხილეთ სრული მეთოდოლოგია