ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია

2017 წლის 5 დეკემბერს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის და საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2017 წლის ეროვნული შეფასების პირველი ანგარიშის პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნეს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს. მისი მიზანია საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა, კორუფციის რისკების შემცირება და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. აღნიშნულ ბლოკები შეფასების 100 კრიტერიუმს აერთიანებს.

2017 წელს, მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება განხორციელდა 15 მაისიდან 15 ივლისის პერიოდში. შეფასდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებისა. შემფასებლის სტატუსით პროცესში მონაწილეობა მიიღო 10 რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21-მა წარმომადგენელმა. შეფასება განხორციელდა ონლაინ პლატფორმის - WWW.LSGINDEX.ORG - გამოყენებით.

 

შეფასების შედეგები: 

● შეფასების 100%-იან სკალაზე, მუნიციპალიტეტების საშუალო/ჯამური შედეგი მხოლოდ 21%-ია

● მუნიციპალიტეტების უმეტესობა ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან მაჩვენებელს

● მხოლოდ 10-12% აქვეყნებდა (ისიც არასრულად) ინფორმაციას ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ

● აღმასრულებელი ორგანოების 40%-ზე მეტი საერთოდ არ აქვეყნებდა ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე მიმდინარე ტენდერების შესახებ

● 50%-ზე მეტი არ აქვეყნებდა წლიურ ანგარიშებს

● თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (ონლაინ ნებართვები, SMS შეტყობინება, ონლაინ გამოკითხვა)

● მუნიციპალური ვებგვერდების ტექნიკური მახასიათებლების ხარისხი საშუალოზე დაბალია (34%)

● ბოლო ერთწლიან პერიოდში დასახლების საერთო კრება არ ჩატარებულა მუნიციპალიტეტების 85%-ზე მეტში

● სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომები და საჯარო განხილვები არ ჩატარებულა 60%-ზე მეტში

● მონაწილეობის საბიუჯეტო პროგრამები მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა

● საკრებულოების 70%-ზე მეტი არ ახდენს დაგეგმილი სხდომების შესახებ მოქალაქეთა წინასწარ ინფორმირებას, არ აქვეყნებს სხდომის ოქმებს

● 60%-ზე მეტ მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის პრაქტიკა

● თითქმის არ ქვეყნდება მუნიციპალური იურიდიული პირების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია

მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2017 წლის ეროვნული შეფასების შედეგების მიხედვით, სერტიფიკატები გადაეცათ საუკეთესო შედეგების მქონე შემდეგი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს:

- ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი;

- თელავის მუნიციპალიტეტი;

- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;

- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი;

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

ასევე, მოქალაქეთა მონაწილეობის საუკეთესო ინიციატივისთვის დაჯილდოვდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი".

                                

                                

                                

                             

კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული გამოწვევების დასაძლევად, წარმოდგენილ იქნა შემდეგი რეკომენდაციები:

● მუნიციპალიტეტებმა უნდა განაახლონ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა და ვებგვერდზე შექმნან საჯარო ინფორმაციის განყოფილება, სადაც თემატურად განთავსდება შესაბამისი საჯარო ინფორმაცია. ასევე, უნდა დანერგონ საჯარო ინფორმაციის გაცემის სწრაფი, ეფექტური პროცედურა

● მუნიციპალიტეტებმა უნდა დანერგონ ონლაინ სერვისები

● მუნიციპალიტეტებმა უნდა შეიმუშაონ მონაწილოების მხარდამჭერი საბიუჯეტო პროგრამები

● აქტიურად უნდა გაგრძელდეს დასახლების საერთო კრების და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პრაქტიკაში დანერგვა 

● უნდა გაიზარდოს როგორც არჩეული მერის, ისე საკრებულოს წევრთა ანგარიშვალდებულება ამომრჩევლების მიმართ

07 დეკ 2017