ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია

2021 წლის 15 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრისა (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2021 წლის შეფასების შედეგები წარმოადგინეს და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტები დაასახელეს. ამ ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).

ღონისძიება გახსნეს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის წარმომადგენელმა, გიორგი ტოკლიკიშვილმა, IDFI-ის პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა. მათ ხაზი გაუსვეს ადგილობრივ დონეზე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გაუმჯობესების აუცილებლობას, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და ამ კუთხით, ინდექსის როლს. მისასალმებელი სიტყვების შემდეგ CTC-სა და IDFI-ის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შეფასების 2021 წლის შედეგები წარადგინეს.

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი, 2021 წელსაც დაბალია - 28%. მერიების საშუალო შედეგია - 26%, ხოლო საკრებულოების კი 31%. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსისწინა,2019 წლის შედეგები პრაქტიკულად იგივე დარჩა.

2021 წლის შეფასების მიხედვით, საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი დასახელდა. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 70%-იანი შედეგი აქვს. ქალაქ ფოთის შემდეგ საუკეთესო შედეგები აქვთ ქალაქ რუსთავის (66%), ლაგოდეხის (61%), ოზურგეთის (58%) და ზუგდიდის (52%) მუნიციპალიტეტებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაღალი მაჩვენებელი უმეტესწილად განაპირობა ლაგოდეხის საკრებულოს გამორჩეულმა  შეფასებამ (79%), რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელ ორგანოებს შორის.

რაც შეეხება რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე მუნიციპალიტეტებს, მათ შორის არიან ადიგენის (4%), ნინოწმინდის (5%), თერჯოლის (5%), ასპინძის (6%) და ზესტაფონის (6%) მუნიციპალიტეტები. ვერც ერთმა მათგანმა რეიტინგის 10%-იან ზღვარს ვერ მიაღწია.

CTC-ის ექსპერტის, ირაკლი კახიძის თქმით, 2019 წლის შედეგებთან შედარებით, მუნიციპალიტეტების მაჩვენებლები მხოლოდ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კუთხით მცირედით გაუმჯობესდა (2%-ით ზრდა), მაშინ როცა შედეგები იგივე დარჩა ელექტრონული მმართველობის კუთხით, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით კი 6%-იანი კლება დაფიქსირდა. შესაძლო მიზეზებად Covid-19 პანდემია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მუნიციპალიტეტებში არსებული არამდგრადი საკადრო პოლიტიკა დასახელდა.

IDFI-ის ადგილობრივი მმართველობის | ინტერნეტის და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების გამჭვირვალობის ძირითად ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში კრიტიკულად შემცირებულია მერის მიერ ანგარიშის მოსმენის გამართვის პრაქტიკა. ასევე, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მხოლოდ მინიმალური, ფორმალური გარანტიებია შექმნილი მოქალაქეთა მონაწილეობისთვის, როგორც საკრებულოს, ისე საკრებულოს კომისიის სხდომებში. გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ წარმოდგენილ იქნა რეკომენდაციები. მათ შორის ხაზი გაესვა გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მერიისა და საკრებულოს შესაბამისი გეგმების შექმნის აუცილებლობას.

შეხვედრის მეორე ნაწილში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობით გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც განხილულ იქნა ადგილობრივ დონეზე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტების დანერგვის კუთხით არსებული მიღწევები, გამოწვევები და საჭიროებები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ:ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს. 2017, 2019 და 2021 წლების შედეგები და მუნიციპალიტეტების რეიტინგები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.LSGIndex.org

ფოტო გალერეა იხილეთ აქ

იხილეთ სრული ანგარიში აქ

16 დეკ 2021